ჩვენი სტატიები
რა არის სტრესი?

სტრესი არის მდგომარეობა, რომელიც ჩნდება რთული სიტუაციის საპასუხოდ და ადამიანისგან მოითხოვს ისეთი ამოცანის გადაწყვეტას, რომელიც მის ფიზიკურ, ინტელექტუალურ და ფსიქიკურ შესაძლებლობებს აღემატება.
კლინიკურმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ სტრესი გარკვეული დოზით სასარგებლოა, იგი აიძულებს ორგანიზმს აიღოს პასუხისმგებლობა, სწრაფად ადაპტირდეს და განახორციელოს ცვლილებები ყველა დონეზე (ფიზიოლოგიურ, ემოციურ და კოგნიტურ დონეზე). ანუ სტრესი ჩვენგან მოითხოვს მობილიზებას და გარკვეულ აქტივობას იმისთვის, რომ დავძლიოთ და შევცვალოთ, თავი ავარიდოთ ან მივიღოთ ის რეალობა რომელიც გვსტრესავს.
სტრესი, მისი ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური ასპექტებით პირველად კანადელმა ფიზიოლოგმა და ენდოკრინოლოგმა ჰანს სელიემ შეისწავლა. მისი დაკვირვებით, ცოცხალი ორგანიზმი გარე სამყაროში მიმდინარე ცვლილებებს კონკრეტული მექანიზმით პასუხობს და ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით მოერგოს მათ.
თვითონ ტერმინი სტრესი ინგლისური სიტყვაა და ზეწოლას, წნეხს ნიშნავს. ეს ტერმინი სელიემ გეოლოგიიდან ისესხა, თუმცა მისი გამოყენება აქტუალური გახდა მეცნიერების სხვადასხვა დარგებში – მედიცინაში, სოციოლოგიაში, ფსიქოლოგიაში, ფსიქიატრიაში. ჩამოთვლილი მეცნიერებები ერთხმად თანხმდებიან იმაში, რომ სტრესი თავისი არსით, ბუნებით, ეტაპებით, დინამიკით, ინტენსივობით და შესაძლო შედეგებით მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ადამიანის ფიზიკურ, მენტალურ და ქცევით სფეროებზე.
ზემოქმედების მიხედვით, გვხვდება ფიზიოლოგიური/ფიზიკური და ფსიქოლოგიური/ფსიქიკური სტრესი:
- ფიზიოლოგიური/ფიზიკური სტრესი. ასეთი სტრესი უპირატესად იწვევს ბიოლოგიური სისტემების დაძაბულობას, თან ახლავს ორგანიზმის ფიზიოლოგიური და ქცევითი ცვლილებების კომპლექსი. ფიზიოლოგიურ სტრესად შეგვიძლია განვიხილოთ ავადმყოფობა, ფიზიკური ტრავმები და ყველა ის შესაძლო მდგომარეობა რაც ფიზიკურ სხეულზე ახდენს ზეგავლენას და ზღუდავს მას .
- ფსიქოლოგიური/ფსიქიკური სტრესი. ამ ტიპის სტრესები ზეგავლენას ახდენს ადამიანის ემოციურ და სულიერ სფეროზე და იწვევს შფოთს, შიშს, მრისხანებას, ბრაზს, წყენას, დარდს, მწუხარებას, იმედგაცრუებას და ა.შ. ფსიქოლოგიურ სტრესად შეგვიძლია განვიხილოთ: ადამიანური თუ მატერიალური დანაკარგი, განქორწინება, კონფლიქტები, ყველა ტიპის კრიზისები და ა. შ
თუმცა არსებობს სტრესები, რომელიც როგორც ფიზიოლოგიურ, ასევე ფსიქოლოგიურ დონეზე ახდენს მნიშვნელოვან ზეგავლენას ადამიანზე. ასეთებია: უკურნებელი დაავადებები, პანდემია, ეპიდემია, სტიქიური მოვლენები, ომი, მიწისძვრა, წყალდიდობა და სხვა მსგავსი ვითარებები.
სტრესის სახეები.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ სტრესის ზეგავლენის შესაძლო შედეგები, რაც დამოკიდებულია მის სახეებზე.
ჰანს სელიე აღწერს სტრესის ორ სახეს:
- ეუსტრესი (ფიზიოლოგიური) რომელიც ზომიერ, სუსტ გამღიზიანებლებზე საპასუხოდ ვითარდება და მიმდინარეობს უმნიშნველო დარღვევებით.
- დისტრესი (პათოლოგიური) რომელიც მავნე გამღიზიანებლების ჭარბი ზემოქმედების შედეგად იწვევს არასასიამოვნო, ნეგატიური ხასიათის განცდებს და შეგრძნებებს. მიმდინარეობს მწვავედ და მტკივნეულად.
სტრესისადმი ჩვენი დამოკედებულება შეიძლება დავყოთ სამ ძირითად ნაწილად:
- მოვლენები, რომლის შეცვლა შეგვილია. ჩვენივე რესურსების გამოყენებით და მასზე გონივრული/შემოქმედებითი მიდგომით შეგვიძლია ვიპოვოთ გამოსავალი. ასეთ მოვლენებში შედის ფინანსური კრიზისები, ურთიერთობის კრიზისები, ოჯახური კრიზისები და ყველანაირი კრიზისები, რომელიც ახალ უნარ-ჩვევების შეძენას და ქცევის ახლებურ მოდელს მოითხოვს ჩვენგან.
- მოვლენები რომლის შეცვლა შეუძლებელია. როდესაც მოვლენა გვაიძულებს მოცემულობა მივიღოთ როგორც ფაქტი. ასეთი მოვლენებია: ყველანაირი დანაკარგები, საცხოვრისის შეცვლა, პატიმრობა, ავადმყოფობა, განქორწინება და სხვა. იმისათვის, რომ ასეთი სტრესის ზეგავლენა შევამსუბუქოთ და ნაკლებად მტკივნეული გავხადოთ, საჭიროა ფაქტისადმი ჩვენი დამოკიდებულება შევცვალოთ, სხვა რაკურსით შევხედოთ მას.
- მოვლენები, რომლის შესაძლო საფრთხეების თავიდან არიდება შეგვიძლია. ასეთი მოვლენებია: ქრონიკული დაავადებები, პანდემია, ეპიდემია და სხვა. ამ შემთხვევაში, მოგვეთხოვება სიფრთხილე, მობილიზება, ინსტრუქციების მიყოლა და წესების ზედმიწევნით დაცვა.
როგორ ვრეაგირებთ სტრესზე?
ნებისმიერ სტრესზე ჩვენი ორგანიზმი რეაგირებს საპასუხოდ და ვლინდება შემდეგი სფეროებით: ფიზიოლოგიური, ქცევითი, ინტელექტუალური, და ემოციური.
- ფიზიოლოგიური/სხეულის სფეროს რეაქციებია – ოფლიანობა, კანკალი, გულისცემის რიტმის შეცვლა, სიმხურვალის შეგრძნება, პულსის აჩქარება, სუნთქვის გახშირება, არტერიული წნევის მატება, ტემპერატურის მომატება, თავის ტკივილი, ბურთი ყელში, კიდურების და კუნთების დაჭიმულობა, მადის დაკარგვა ან გაძლიერება, ძილის დარღვევები, წონის ცვალებადობა(მომატება ან დაკლება) და ა.შ.
- ქცევითი სფეროს რეაქციებია- გაქცევა, იზოლაციის სურვილი, მარტო დარჩენის პანიკური შიში, აკვიატებული მოქმედებები – ხელების დაბანა, სახლის დალაგება, თეფშების რეცხვა, კარადების დალაგება, სიარულის დროს ნაბიჯების დათვლა, გზაში შემხვედრი ნივთების დათვლა; ლოდინის დროს ბოლთის ცემა (წინ და უკან სიარული); მუტიზმი ან გაუთავებელი საუბარი; საკუთარ თავთან ხმამაღლა საუბარი; განსხვავებული კვების ჩვევები- კვების ულუფის და სიხშირის შემცირება ან გაზრდა;
- ინტელექტუალური სფეროს რეაქციებია- კონცენტრაციის სირთულეები, აზრების გაწყვეტა, მეხსიერების პრობლემები.
- ემოციური სფეროს რეაქციებია- ტირილი, ისტერიული სიცილი, გაღიზიანებადობა, ყველაფრით უკმაყოფილება, უსაფუძვლო ბრაზი და აგრესია, შფოთი, აპათია, გუნებ-განწყობის მკვეთრი ცვლილებები და სხვა.
სტრესურ გარემოში ზემოთ აღწერილი გამოვლინებები ფსიქიკის ბუნებრივი რეაქციაა და არანაირ დარღვევას არ წარმოადგენს. ჩვენს ორგანიზმს გააჩნია რესურსი დამოუკიდებლად გაუმკლავდეს სტრეს და ბუნებრივად აღიდგინოს მასზე დახარჯული ფიზიკური თუ ფსიქიკური ენერგიები.
თუ დადებითი კუთხით შევხედავთ სტრესს, ჩვენივე ინდივიდუალური, არასპეციფიკური რეაქცით ის ავარჯიშებს ჩვენი ორგანიზმის დამცავ მექანიზმებს, აუმჯობესებს მის რეზისტენტობის უნარს და მომავალში შესაძლო უარყოფითი ზემოქმედების გადალახვაში გვეხმარება.
„რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს’’
დეპრესია

ნორმალურად ფუნქციონირების ზოგადი დაქვეითების დროს, ყოველდღიურ სამეტყველო ენაში, ადამიანები ხშირად იყენებენ ტერმინს „დეპრესიას“, თუმცა სინამდვილეში ასეთი ყოველდღიური, ხანმოკლე და თვითკომპენსირებადი მდგომარეობა დეპრესია არ არის.
დეპრესია არის შეცვლილი ფსიქიკური მდგომარეობა, რომელიც სერიოზულ დიაგნოსტირებას საჭიროებს და მხოლოდ ნორმალური ფუნქციონირების ზოგადი დაქვეითებით არ გამოიხატება. ეს სახეცვლილება ისეთი ინტენსივობით არის გამოხატული, რომ პიროვნული და სოციალური ფუნქციონირების გაუარესებას იწვევს, გამოყავს ადამიანი ემოციური წონასწორობიდან და საგრძნობლად აუარესებს მის ცხოვრების ხარისხს.
ტერმინი „დეპრესია“ დათრგუნულს ნიშნავს და სწორედ დათრგუნული სულიერი მდგომარეობა ურღვევს ადამიანს ცხოვრების ჩვეულ რიტმს, ართმევს სიცოცხლით ტკბობის უნარს (ანჰედონია) და უქვეითებს გუნება-განწყობას. ეს ორი ძირითადი სიმპტომი შემდგომში ცვლის კოგნიტურ, ემოციურ, ფიზიკურ და მოტივაციურ სფეროებს და იწვევს განსხვავებულ ყოველდღიურ ფუნქციონირებას.
დეპრესიის გამომწვევი ფაქტორები
დეპრესიის გამომწვევი მიზეზების შესახებ არსებული მოსაზრებები მრავალფეროვანია, თუმცა თანამედროვე აღწერებში განიხილება სამ მოდელში: ბიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ მოდელში.
ბიოლოგიური ფაქტორებია:
ფიზიკური თუ ფსიქიკური დაავადებები, ხასიათით და ტემპერამენტით წინასწარგანწყობა. ბიოლოგიური ფაქტორების როლი დადასტურებულია გენეტიკური კვლევებით, თუმცა გენეტიკური ფაქტორების წვლილი ზოგადად დაბალია.
ფსიქოლოგიური ფაქტორებია: ფსიქოლოგიური ტრავმები, სტრესები, კრიზისული სიტუაციები, კონფლიქტები და ყველა ის ფაქტორები რომელიც ადამიანის სულიერ/ფსიქიკურ პროცესებზე ახდენს ზეგავლენას და ხანგრძლივი დროით იწვევს ნეგარიურ ემოციებს.
სოციალური ფაქტორებიდან მნიშვნელოვანია:
- ეკონომიური/მატერიალური კეთილდღეობა-თუ რამდენად შეუძლია ადამიანს ბაზისური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, როგორც საკუთარი თავის ასევე ოჯახის სხვა წევრების
- სტატუსი საზოგადოებაში: აქ მნიშვნელოვანია თუ რამდენად არის პიროვნება აღიარებული, მიღებული, შემდგარი და რეალიზებული მაკრო და მიკრო სოციუმში (ოჯახი, მეგობრები, სამსახური, საახლობლო წრე).
როგორ ამოვიცნოთ დეპრესია?
დეპრესიის დიაგნოსტირება მარტივი არ არის. მის ამოსაცნობად, გარდა სიმპტომებისა, გასათვალისწინებელია მათი დროში ხანგრძლივობა და ინტენსივობა. დეპრესიული მდგომარეობის ხანგრძლივობა უნდა იყოს არანაკლებ 4-6 კვირისა და შესაძლებელია გრძელდებოდეს წლები, ხოლო მისი ინტენსივობა მნიშვნელოვნად აქვეითებდეს პიროვნების ცხოვრების ხარისხს.
როგორც ვიცით, თითოეული ჩენთაგანი უნიკალურია თავისი ფიზიკური და ფსიქიკური მახასიათებლებით. სწორედ ამიტომ, დეპრესიის დროს სიმპტომური გამოვლინებები ყველა ადამიანში განსხვავებული და ინდივიდუალურია. თუმცა მთლიანობაში ამ სიმპტომებს აქვთ საერთო ნიშნები და მახასიათებლები. ეს ნიშნები და მახასიათებლები ქმნიან კლასიკურ ტრიადას:
- გუნებ-განწყობის დაქვეითებას;
- ინტერესებისა და სიამოვნების მიღების უნარის დაკარგვას;
- ენერგიის დაქვეითებას და აქტივობების შემცირებას ;
უფრო თვალსაჩინო რომ გახდეს დეპრესიის ამოცნობა, ქვემოთ მოვიყვან დამატებით სიმპტომებს, რომელიც ავსებს ზემოთ მოყვანილ ტრიადას:
- ყურადღებისა და კონცენტრაციის დაქვეითება;
- თვითრწმენისა და თვითშეფასების დაქვეითება;
- უმწეობისა და უსუსურობის განცდა;
- თვითბრალდებისა და თვითდამცირების იდეები;
- პესიმისტური ფიქრები;
- ძილის დარღვევა;
- მადის დაქვეითება;
- ლიბიდოს დაქვეითება;
- ორგანულ საფუძველს მოკლებული ტკივილები(თავის, მუცლის, გულის, ზურგის და ა.შ)
- ქრონიკული დაღლილობა;
- მაღალი რისკის აქტივობები (სასმელი, ნარკოტიკები, აზარტული თამაშები და ა.შ);
- თვითდაზიანების იდეები;
- ფიქრები სიკვდილსა და თვითმკვლელობაზე.
როგორი ფორმით ვლინდება დეპრესია?
დეპრესიის ფორმებს განაპირობებს სიმპტომების ინტენსივობა და დროში ხანგრძლივობა.
დეპრესიული ეპიზოდური ფორმაა მაშინ, როდესაც სიმპტომები ინტენსივობით შეიძლება როგორც მძიმედ, ასევე მსუბუქად იყოს გამოვლენილი თუმცა, დროში ყოველთვის მოკლეა და 4-5 კვირიდან მაქსიმუმ 4-6 თვემდე გაგრძელდეს.
დეპრესიული რეკურენტული აშლილობის ფორმა არის ეპიზოდური დეპრესიის რეციდივები ანუ ხდება განმეორებადი.
დისთიმია დეპრესიის ზერელედ და ქრონიკულად მიმდინარე ფორმაა. მის დროს სიმპტომების ინტენსივობა შედარებით მსუბუქია, თუმცა დროში მაქსიმალურად გახანგრძლივებულია და წლობით მიმდინარეობს.
ინკურნება თუ არა დეპრესია?
დიახ, დეპრესია განკურნებადია!
ხშირ შემთხვევაში, განსაკუთრებით დეპრესიული ეპიზოდური ფორმის დროს, ადამიანის ორგანიზმს ყოფნის საკუთარი თვითაღმდგენი რესურსები და დამოუკიდებლად ართმევს თავს. თუმცა, შემთხვევათა უმეტესობა საჭიროებს სპეციალისტების ჩარევას.
მკურნალობის ძირითადი მიმართულებებია: მედიკამენტური თერაპია და ფსიქოთერაპიული მხარდაჭერა. სასურველია ორივე სერვისით ერთდროულად სარგებლობა, რადგან მათი კომბინირებული გამოყენების შემთხვევაში შედეგი სწრაფად და ეფექტურად დგება.
სიცილი შესანიშნავი ექიმია

სიცილი შესანიშნავი ექიმია
სიცილი ადვილად ამარცხებს ბევრ ინფექციას – ნერწყვში იზრდება იმუნოგლობულინების კონცენტრაცია, რომელიც ორგანიზმის დამცავ ძალებს ამაღლებს და ვირუსებისა და ავადმყოფობის გამომწვევ მიკრობებს განვითარების საშუალებას არ აძლევს,
სიცილი საუკეთესო თერაპიაა სასუნთქი დაავადებების დროს და აძლიერებს ფილტვებს.
მხიარულების დროს, სისხლძარღვები ფართოვდება და მთელს ორგანიზმში სისხლით მომარაგება უმჯობესდება.
მეცნიერები ამტკიცებენ: სიცილის თერაპია სისხლს ქოლესტერინის ფოლაქებისა და თრომბისგან გათავისუფლებაში ეხმარება.
ერთი საათის განმავლობაში სიცილი ორგანიზმში 500 კილოკალორიას წვავს.
სიცილით თვითმკურნალობა უსაფრთხოა და გვერდითი ეფექტები არ აქვს.
ასე რომ, შეგიძლიაათ იცინოთ რამდენიც გინდათ.
რა არის ემოცია?

რა არის ემოცია?
ემოცია ფსიქიკის ფუნქციონირების განსაკუთრებული სახეობაა,ის არის მდგომარეობა,ერთგვარი პასუხი შიდა და გარე გამღიზიანებელზე,და ვითარება,როგორც აქტიური საჭიროების დაკმაყოფილება/დაუკმაყოფილებლობის რეზულტატი.
ემოცია ფსიქიკური პროცესია, რომელიც ადამიანში მიმდინარეობს ცნობიერად ან არაცნობიერა.იგი ასახავს ადამიანურ განცდებს და გამოხატავს თითოეული ჩვენგანის დამოკიდებულება საკუთარი თავის, გარე სამყაროსა და მასში არსებული ადამიანებისა და საგნების მიმართ.
ემოციებს ძალიან დიდი ენერგეტიკა აქვს და მათ ჩვენი მთლიანად შეცვლა შეუძლია.
ემოციების მახასიათებლები:
- ელფერი – შეიძლება იყოს პოზიტიური ან ნეგატიური; ასევე ემოციებს ახასიათებს ამბივალენტობა (მიყვარს და ვბრაზდები, მიყვარს და ვეჭვიანობ);
- ინტენსივობა – რაც უფრო ძლიერია ემოციები, მით უფრო ძლიერია მისი ფიზიოლოგიური გამოვლინებაც.
- სთენიურობა – სთებიური ემოციები იწვევს ენერგიულობას და აქტიურობას, ხოლო ასთენიური ემოციები ასუსტებს და პარალიზებას უწევს ძალებს.
- შინაარსი – ემოციები შინაარსით განსხვავებულია ერთმანეთისგან. შინაარსობრივი კომპონენტი ხდის ემოციებს სუბიექტურს (ერთი და იგივე ემოცია სხვადასხვა ადამიანზე სხვადასხვა ზეგავლენას ახდენს და გამოვლინების ფორმაც განსხვავებულია).
- მასშტაბურობა – მძაფრი ემოცია მოიცავს ყველაფერს.
- ხანგრძლივობა – ძლიერი ემოცია გაჰყვება ხანგრძლივად.
როდესაც რაიმეს ან ვინმეს მიმართ გვიჩნდება დადებითი ემოცია, მის მიმართ გვიჩნდება მიზიდულობა. ნეგატიურის დროს კი – პირიქით. თითქოს ადვილია ეს ყველაფერი, გიჩნდება ემოცია — ემოციის შესაბამისად განახორციელებ გარკვეულ ფიზიოლოგიურ ცვლილებებს –გამოხატავ ამ ემოციას, მაგრამ ყოველთვის ასე არ ხდება. სოციუმი ყოველთვის არ გაძლევს ამის საშუალებას და გეწყება შინაგანი კონფლიქტი და ბრძოლა საკუთარ თავთან ცნობიერ ან არაცნობიერ დონეზე.
ადამიანები იმის მაგივრად, რომ მოიქცნენ საკუთარი სურვილისამებრ, მიჩვეულები არიან და ნასწავლი აქვთ ბავშვობიდან სხვისი მოლოდინების გამართლება. ამით თრგუნავენ თავიანთ ემოციებს, ხდება გამოუთქმელი ემოციების დაგროვება, იზრდება შინაგანი დაძაბულობა, რაც შემდეგში პატარა სტრესზეც კი პროვოცირდება, ეს კი იწვევს ფსიქო-სომატურ დაავადებებს.
ფროიდი ამბობდა: „თუ ჩვენ ვაგდებთ კარიდან რაიმე პრობლემას, ის სიმპტომის სახით შემოდის ფანჯრიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი თავიდან ვერ აიცილებს დაავადებას, თუ ის არ გადაჭრის პრობლემას და უბრალოდ დააიგნორებს.“
აქედან გამომდინარე ამბობენ, რომ ფსიქო-სომატური დაავადება გახლავთ არაცნობიერის კონტაქტი ცნობიერთან სხეულის მეშვეობით.