
სტრესი არის მდგომარეობა, რომელიც ჩნდება რთული სიტუაციის საპასუხოდ და ადამიანისგან მოითხოვს ისეთი ამოცანის გადაწყვეტას, რომელიც მის ფიზიკურ, ინტელექტუალურ და ფსიქიკურ შესაძლებლობებს აღემატება.
კლინიკურმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ სტრესი გარკვეული დოზით სასარგებლოა, იგი აიძულებს ორგანიზმს აიღოს პასუხისმგებლობა, სწრაფად ადაპტირდეს და განახორციელოს ცვლილებები ყველა დონეზე (ფიზიოლოგიურ, ემოციურ და კოგნიტურ დონეზე). ანუ სტრესი ჩვენგან მოითხოვს მობილიზებას და გარკვეულ აქტივობას იმისთვის, რომ დავძლიოთ და შევცვალოთ, თავი ავარიდოთ ან მივიღოთ ის რეალობა რომელიც გვსტრესავს.
სტრესი, მისი ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური ასპექტებით პირველად კანადელმა ფიზიოლოგმა და ენდოკრინოლოგმა ჰანს სელიემ შეისწავლა. მისი დაკვირვებით, ცოცხალი ორგანიზმი გარე სამყაროში მიმდინარე ცვლილებებს კონკრეტული მექანიზმით პასუხობს და ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით მოერგოს მათ.
თვითონ ტერმინი სტრესი ინგლისური სიტყვაა და ზეწოლას, წნეხს ნიშნავს. ეს ტერმინი სელიემ გეოლოგიიდან ისესხა, თუმცა მისი გამოყენება აქტუალური გახდა მეცნიერების სხვადასხვა დარგებში – მედიცინაში, სოციოლოგიაში, ფსიქოლოგიაში, ფსიქიატრიაში. ჩამოთვლილი მეცნიერებები ერთხმად თანხმდებიან იმაში, რომ სტრესი თავისი არსით, ბუნებით, ეტაპებით, დინამიკით, ინტენსივობით და შესაძლო შედეგებით მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ადამიანის ფიზიკურ, მენტალურ და ქცევით სფეროებზე.
ზემოქმედების მიხედვით, გვხვდება ფიზიოლოგიური/ფიზიკური და ფსიქოლოგიური/ფსიქიკური სტრესი:
- ფიზიოლოგიური/ფიზიკური სტრესი. ასეთი სტრესი უპირატესად იწვევს ბიოლოგიური სისტემების დაძაბულობას, თან ახლავს ორგანიზმის ფიზიოლოგიური და ქცევითი ცვლილებების კომპლექსი. ფიზიოლოგიურ სტრესად შეგვიძლია განვიხილოთ ავადმყოფობა, ფიზიკური ტრავმები და ყველა ის შესაძლო მდგომარეობა რაც ფიზიკურ სხეულზე ახდენს ზეგავლენას და ზღუდავს მას .
- ფსიქოლოგიური/ფსიქიკური სტრესი. ამ ტიპის სტრესები ზეგავლენას ახდენს ადამიანის ემოციურ და სულიერ სფეროზე და იწვევს შფოთს, შიშს, მრისხანებას, ბრაზს, წყენას, დარდს, მწუხარებას, იმედგაცრუებას და ა.შ. ფსიქოლოგიურ სტრესად შეგვიძლია განვიხილოთ: ადამიანური თუ მატერიალური დანაკარგი, განქორწინება, კონფლიქტები, ყველა ტიპის კრიზისები და ა. შ
თუმცა არსებობს სტრესები, რომელიც როგორც ფიზიოლოგიურ, ასევე ფსიქოლოგიურ დონეზე ახდენს მნიშვნელოვან ზეგავლენას ადამიანზე. ასეთებია: უკურნებელი დაავადებები, პანდემია, ეპიდემია, სტიქიური მოვლენები, ომი, მიწისძვრა, წყალდიდობა და სხვა მსგავსი ვითარებები.